აქსიონოვის თქმით, ყირიმი უკრაინის კონტრშეტევისთვის ემზადება
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. "ხელმძღვანელმა" სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე რუსულმა არმიამ მრავალფენიანი თავდაცვითი ზღუდეები შექმნა და უკრაინის კონტრშეტევა არ აშინებთ. ამის შესახებ მან საკუთარ Telegram-ზე დაწერა.
"რაც შეეხება უკრაინის კონტრშეტევას ყირიმზე, რაზეც ახლა ყველა ბევრს ლაპარაკობს და წერს. მტრის დაუფასებლობა არ შეიძლება, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამისთვის მზად ვართ და კატასტროფა არ იქნება.
ყირიმში და ნახევარკუნძულის მისადგომებთან თავდაცვითი ზღუდეების აშენების გადაწყვეტილება იყო სწორი და გამართლებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ აუცილებლად დანიშნულებისამებრ გამოვიყენებთ. მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის უნდა მოვემზადოთ და ეს გავაკეთეთ." - აღნიშნა მან.
აქსიონოვის თქმით, ყირიმში საკმარისზე მეტი ძალებია.
3 აპრილს The Washington Post-მა კომპანია Maxar-ის სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთმა უკრაინის კონტრშეტევისთვის ანექსირებული ყირიმის მომზადება დაიწყო. ოკუპანტებმა რამდენიმე კვირაში ააშენეს სანგრებისა და ბარიერების ქსელი.