'მოდით, ვიბრძოლოთ ომის წინააღმდეგ' - ალექსეი ნავალნის მიმართვა რუსებს

 

უკვე მეშვიდე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს.

უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლისმღვრელ ომს ბევრი აპროტესტებს რუსეთში.

24 თებერვლის შემდეგ ანტისაომარ დემონსტრაციებზე უკვე 7 000-მდე პირი დააკავებს.

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც ამჟამად სასჯელს რუსულ საპყრობილეში იხდის, თანამოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

გთავაზობთ ნავალნის მიმართვის თარგმანს:

"ჩვენ - რუსეთს - მშვიდობის ერად ყოფნა გვსურს. ვაი, რომ ასე ახლა ძალიან ცოტა მოგვიხსენიებს.

მოდი, შეშინებულების და ენაჩაგდებულების ერი მაინც ნუ გავხდებით. ლაჩრების, რომლებიც თავს იკატუნებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩვენი აშკარად შეშლილი მეფუკის მიერ გაჩაღებულ აგრესიულ ომს ვერ ამჩნევენ.

არ შემიძლია, არც მსურს და არც დავდუმდები, როცა ვუყურებ, თუ როგორ იქცა ასი წლის წინანდელ მოვლენებზე ფსევდოისტორიული ბოდვა ომის საბაბად. ომისა, რომელშიც რუსები უკრაინელებს კლავენ, უკრაინელები კი - თავის დაცვის მიზნით - რუსებს.

გარეთ ოცდამეერთე საუკუნის ოციანი წლები დგას, ჩვენ კი დამწვარი ტანკების და დაბომბილი სახლების შესახებ ამბებს ვგებულობთ. ტელევიზორში ბირთვული ომის დაწყების შესახებ ნამდვილი მუქარები გვესმის.

მე საბჭოთა კავშირიდან ვარ. იქ დავიბადე. ჩემი ბავშვობიდან მთავარი ფრაზა „მშვიდობისთვის ბრძოლაა“. ყველას მოვუწოდებ, გამოვიდნენ ქუჩებში და მშვიდობისთვის იბრძოლონ.

პუტინი რუსეთი არ არის. თუ ახლა რუსეთში არსებობს რაღაც, რითიც შეიძლება ვიამაყოთ, ეს ის 7 000 დაკავებული პირია, რომლებიც ქუჩებში - ყოველგვარი მოწოდების გარეშე - ანტისაომარი პლაკატებით გამოვიდნენ.  

ამბობენ, რომ დემონსტრაციისკენ მოწოდების უფლება არ აქვს მას, ვინც მიტინგზე თავად არ წავა - დაკავების საფრთხის მიუხედავად. მე უკვე ციხეში ვზივარ, ამიტომ, როგორც ჩანს, ჩემთვის ეს შეიძლება.

ერთი დღით მოცდაც არ შეიძლება. სადაც არ უნდა იყოთ - რუსეთში, ბელარუსში ან პლანეტის ნებისმიერ კუთხეში. გამოდით თქვენი ქალაქის მთავარ მოედანზე - 19 საათზე სამუშაო დღეებში და 14 საათზე შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე.

თუ შეძლებთ, შაბათ-კვირას მსვლელობები მოაწყვეს. დიახ, პირველ დღეს შეიძლება ცოტა ხალხი გამოვიდეს. მეორე დღეს - კიდევ უფრო ცოტა.

ჩვენი ვალია თავი ხელში ავიყვანოთ, შიში დავზლიოთ, გარეთ გამოვიდეთ და ომის დასრულება მოვითხოვოთ.

მიტინგზე ყოველი დაკავებული ორმა სხვა მოსულმა პირმა უნდა შეცვალოს.

თუ ომის შესაჩერებლად ციხეების და ავტოზაკების [პოლიციის ფურგონი] შევსება დაგვჭირდება, ასეც უნდა მოვიქცეთ.

ყველაფერს ფასი აქვს და ახლა, 2022 წელს, ჩვენ ეს ფასი უნდა გადავიხადოთ. დიახ, სწორედ ჩვენ.

მოდით, არ ვიყოთ უბრალოდ ომის წინააღმდეგ.  

მოდით, ვიბრძოლოთ ომის წინააღმდეგ."

მსგავსი სიახლეები