არაბული მედია: სირიაში რუსეთის სამხედრო პოლიციამ ვაგნერის მეთაურები დააკავა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ სირიაში ვაგნერის 4 მაღალი რანგის მეთაური დააკავა, მათ შორის 3 მათგანი ხმეიმიმის ავიაბაზაზე.
ინფორმაციას ამის შესახებ Коммерсантъ არაბულენოვან ტელეარხ Al-Hadath-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაკავებების გარდა, რუსეთის სამხედრო პოლიცია მივიდა ვაგნერის შტაბებში დეირ ეზ-ზორში, ჰამასა და დამასკოში.
გუშინ, 26 ივნისს გამართულ პრესკონფერენეციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უარყო პანიკური განწყობები იმ ქვეყნებში, რომლებშიც ვაგნერი მოქმედებს. ლავროვის თქმით, პრიგოჟინის მიერ ორგანიზებული შეიარაღებული ამბოხის მიუხედავად რუსეთისა და აფრიკის ქვეყნებს შორის ურთიერთობები არ შეცვლილა.
კონტექსტი
ცოტა ხნის წინ ბელარუსის დიქტატორმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფება.
ლუკაშენკას თქმით, პრიგოჟინთან მოლაპარაკებების წარმოებაში დახმარება პუტინს ამბოხის დაწყების შემდეგ თავად შესთავაზა. ლუკაშენკა ამბობს, რომ კრემლს მოსკოვის დასაცავად 10 ათასამდე ჯარისკაცი ყავდა მობილიზებული.