არძინბა: აფხაზეთი შესაძლოა გეოპოლიტიკის მიღმა აღმოჩნდეს
აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრა.
"დღეს მათ შორის სავაჭრო ბრუნვა 2.5 მილიარდი დოლარია. რამდენი იქნება ხვალ, საჰაერო მიმოსვლის ამოქმედებისა და უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით? ეს ყველაფერი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენზე და ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში გეოპოლიტიკის მიღმა აღმოვჩნდებით." - განაცხადა არძინბამ გულრიფშის რაიონის აქტივისტებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, რუსეთში არსებული ქართული დიასპორა აქტიურად მუშაობს რუსეთში საქართველოს ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გასაძლიერებლად.
"ეს კონკურენცია არ უნდა წავაგოთ. ამისათვის საჭიროა ეფექტურად, ჰარმონიულად და დინამიურად მუშაობა. ჩვენ არ გვაქვს დაბალი კონკურენტუნარიანობის უფლება. კიდევ ერთხელ ვიმყოფებით ისტორიულ გზაჯვარედინზე. დღეს ჩვენ ვწყვეტთ, როგორი იქნება ჩვენი სახელმწიფო ხვალ." - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
არძინბამ ასევე კომენტარი გააკეთა ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თემაზე.
მისი თქმით, "საკითხის განხილვის საინფორმაციო მხარდაჭერამ" დააზარალა აფხაზურ-რუსული დიალოგი. რუსეთი კი, მისი თქმით, "აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვია."
"თუ რუსეთთან ურთიერთობას დავკარგავთ, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას," - აღნიშნა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთმა ეკონომიკური ზრდის ახალ წყაროებზე უნდა იფიქროს.