აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი არ გამორიცხავს უკრაინაში ამერიკული ჯარის გაგზავნას

თუ რუსეთი უარს იტყვის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე ამ ქვეყნისთვის გრძელვადიანი გარანტიებით, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ახალი სანქციები დაუწესოს მოსკოვს და თავისი სამხედროებიც კი გაგზავნოს უკრაინაში.

ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს დევიდ ვენსმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.

"არსებობს ეკონომიკური ბერკეტები და, რა თქმა უნდა, არის სამხედრო ინსტრუმენტები, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა შეიძლება გამოიყენოს პუტინის წინააღმდეგ," - თქვა ვენსმა.

ამავდროულად, მომავალ მოლაპარაკებებზე განხილვის საგანი იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების და მისი საზღვრების გადახედვის საკითხები.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამერიკის ხელისუფლება აპირებს დაარწმუნოს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომ რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდაზე უფრო მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე ბრძოლის ველზე. ვენსმა ასევე თქვა, რომ წარმატებული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემთხვევაში, შეიძლება ურთიერთობები გადაიტვირთოს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ "ბევრ ადამიანს შოკში ჩააგდებს." ამასთან, მან თქვა, რომ მოლაპარაკებების დროს ტრამპმა შესაძლოა შეიცვალოს აზრი გარკვეულ საკითხებზე.

ერთი დღით ადრე პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა გამორიცხა უკრაინაში ამერიკული ჯარების გაგზავნა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის 2014 წლის საზღვრებზე დაბრუნება არარეალური მიზანია.

მსგავსი სიახლეები