აშშ-მ და ფილიპინებმა ტაივანთან ახლოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს
აშშ-მ და ფილიპინებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ტაივანთან ახლოს, სამხედრო სწავლება დაიწყეს.
ყოველწლიურ წვრთნებში, რომელიც 8 აპრილამდე გაგრძელდება, ცხრა ათასამდე სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
სამხედრო მანევრებმა პეკინის ყურადღება მიიპყრო, რომელიც ბოლო წლებია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აქტიურ ექსპანსიას ეწევა.
ჩინეთი ზღვის უდიდეს ნაწილზე საკუთარ იურისდიქციას ჩემულობს, რაც 2016 წელს ჰააგაში მდებარე არბიტრაჟმა „ისტორიულ საფუძველს მოკლებულად“ ცნო.
2020 წელს ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ განაცხადა, რომ აშშ-სთან სამხედრო პარტნიორობას შეწყვეტდა და ერთობლივ წვრთნებს გააუქმებდა.
თუმცა ჩინეთის გეოპოლიტიკური გააქტიურების ფონზე მანილამ ვაშინგტონთან ალიანსის შენარჩუნება ამჯობინა.