აშშ-მ ისრაელთან უვიზო რეჟიმი აამოქმედა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთაც აშშ-ში უვიზოდ მოგზაურობა შეეძლებათ.
სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება აშშ-სა და ისრაელის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია - ისრაელი უკვე რამდენიმე წელია ცდილობს უვიზო რეჟიმის ამოქმედებას.
უვიზო რეჟიმის ამოქმედების სანაცვლოდ ისრაელი გარკვეულ დათმობებზე წავიდა, მათ შორის მათ გაამარტივეს საზღვრის კვეთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ათასობით პალესტინური წარმომავლობის მქონე ამერიკის მოქალაქეებისთვის.
შეთანხმების მიხედვით, ისრაელის მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ მოგზაურობას 90 დღის ვადით. უვიზო რეჟიმი მიმდინარე წლის 30 ნოემბრიდან ამოქმედდება.
ამ კუთხით პირველი ნაბიჯი ისრაელმა 2021 წელს ნაფტალი ბენეტის პრემიერ-მინისტრობის დროს გადადგა. იმ დროს ოპოზიციაში მყოფი ბიბი ნეთანიაჰუ ეწინააღმდეგებოდა ისრაელის მხრიდან დათმობებს, თუმცა ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ნეთანიაჰუს გუნდმა აშშ-სთან მოლაპარაკებები გააგრძელა.