აშშ: ნობელიანტ ჟურნალისტზე თავდასხმის უკან რუსული სპეცსასმსახურები დგანან
აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაციით, ნობელიანტ რუს ჟურნალისტზე 7 აპრილს თავდასხმის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან, წერს Washington Post-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
„აშშ-ს შეუძლია დაადასტუროს, რომ 7 აპრილს მურატოვზე თავდასხმის უკან რუსული დაზვერვა დგას“, - განაცხადა მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობას გამოცემა არ ამჟღავნებს.
კრემლის მიმართ კრიტიკული პოზიციით გამორჩეულ ნოვაია გაზეტას მთავარ რედაქტორს თავს მოსკოვი-სამარას მატარებელში დაესხნენ.
მას უცნობმა პირმა აცეტონის შემცველი წითელი საღებავი შეასხა და დაუყვირა „მურატოვ, აჰა ჩვენი ბიჭების გამო“. სავარაუდოდ თავდასხმელი უკრაინის ომში მონაწილე რუს სამხედროებს გულისხმობდა.
60 წლის მურატოვი გასულ წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
ის საჯაროდ გამოვიდა უკრაინაში ომის წინააღმდეგ. თუმცა მთავარ რედაქტორს სამხედრო ცენზურის პირობებში გაზეთის გამოცემის შეჩერება მოუწია.
გასულ თვეში პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც რუსული არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელება 15 წლამდე პატიმრობით შეიძლება დაისაჯოს.
გაზეთმა თავდაპირველად რუსეთის სახელმწიფო ცენზორის - როსკომნადზორის - დაწესებული დირექტივების გათვალისწინება სცადა, თუმცა რამდენიმე გაფრთხილების მიღების შემდეგ მუშაობა შეაჩერა.
რუსეთში ომის მიმართ უარყოფითად განწყობილი საჯარო ფიგურების შევიწროება გრძელდება.
მურატოვზე თავდასხმამდე ორი კვირით ადრე კიდევ ერთ ჟურნალისტს, ეხო მოსკვის ყოფილ მთავარ რედაქტორ ალექსეი ვენედიკტოვს საცხოვრებელი სახლის კარებთან ღორის მოჭრილი თავი დაუტოვეს.
ცოტა ხნის წინ ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელების მუხლით.