აშშ-ს დაზვერვა: პუტინს სამხედრო გეგმები არ შეუცვლია, დონბასზე მეტს უმიზნებს
ინფორმაციით, რუსეთს უკრაინაში სამხედრო ამოცანები არ შეუცვლია და მხოლოდ დონბასის ოკუპაციას არ უმიზნებს.
„ჩვენი შეფასებით, პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება, რომელშიც მას დონბას[ის დაკავებაზე] მეტის მიღწევა სურს“, - განაცხადა აშშ-ს ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს უფროსმა ევრილ ჰეინსმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე.
ჰეინსი უკრაინას და რუსეთს შორის საზავო შეთანხმებას ნაკლებად მოსალოდნელს უწოდებს და კონფლიქტის „გამოფიტვის ომში“ გადაზრდაზე საუბრობს.
„მოვლენების განვითარება გვიჩვენებს, რომ პუტინი უფრო რადიკალურ ზომებს გამოიყენებს - საომარი მდგომარეობის გამოცხადების, სამხედრო წარმოებაზე გადართვის, და პოტენციურად ესკალაციური სამხედრო ზომების ჩათვლით“, - თქვა აშშ-ს დაზვერვის მაღალჩინოსანმა.
ჰეინსის შეფასებით, ახლო მომავალში პუტინის გეგმებს დონეცკის და ლუჰანსკის სრული ოკუპაიცა და მათი ბუფერულ ზონად ქცევა და დონბასში მებრძოლი უკრაინული ძალების ალყაში მოქცევაა.
რუსეთს ყირიმიდან დონბასზე „სახმელეთო ხიდის“ კონტროლის განმტკიცებაც სურს, რაც შესაძლოა დნესტრისპირეთთან მისასვლელის ოკუპაციასაც გულისხმობდეს.
„რუსეთმა შესაძლოა ბევრი ამ მიზნის მიღწევა შეძლოს, მაგრამ ის სახმელეთო ზოლის - რომელიც დნესტრისპირეთამდე აღწევს და ოდესას მოიცავს - გაკონტროლებას ვერ შეძლებს, თუ რაღაც ფორმით სამხედრო მობილიზაციას არ გამოაცხადებს“, - განაცხადა ჰეინსმა.
აშშ-ს სადაზვერვო უწყება რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, თუმცა დაძაბულ ვითარებაში ესკალაციის რისკებს ხედავს.
„პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანებას მაშინ გასცემს, თუ რუსეთზე და მმართველ რეჟიმზე სასიცოცხლო საფრთხეს იგრძნობს“ - ამბობს ჰეინსი.