აშშ-ს კონგრესმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას
აშშ-ს წარმომადგენელთა ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გამოყოფას.
უკრაინისთვის სპეციალური დახმარების საგანგებო წესით გადაცემას მხარი დაუჭირა 368 კონგრესმენმა, წინააღმდეგ წავიდა 57 კანონმდებელი.
სავარაუდოა, რომ კონგრესმენების გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია პრეზიდენტ ბაიდენის წერილმა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი თანხა რამდენიმე დღეში ამოიწურებოდა და საჭირო იყო ახალი პაკეტის მაქსიმალურად სწრაფად მიღება.
კონგრესმენებს იმავე შინაარსის წერილით მიმართა თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმაც.
"დრო კრიტიკულია და ჩვენ მოცდა არ შეგვიძლია. ეს აშშ-ს მკაფიო გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის - ჩვენი ურყევი ძალისხმევაა მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, სანამ გამარჯვება არ იქნება მოპოვებული", - განაცხადა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ.
პაკეტი მალევე გადაეგზავნება სენატს, რომელიც აღნიშნულ პაკეტს სავარაუდოდ მიმდინარე კვირაშივე განიხილავს.
აშშ-ს პრეზიდენტმა უკრიანისთვის ლენდ-ლიზის კანონს ხელი 9 მაისს მოაწერა.