აშშ შავ ზღვაში დამატებით სამხედრო გემებს აღარ გააგზავნის - თურქული მედია

აშშ შავ ზღვაში დამატებით სამხედრო გემებს აღარ გააგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ტელეარხი NTV დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეარხის ინფორმაციით, აშშ-ის საელჩომ ანკარაში უკვე აცნობა თურქეთის საგარეო უწყებას გადაწყვეტილების შესახებ.

მონტროს კონვენციის თანახმად, ბოსფორის სრუტეში სამხედრო გემების გასასვლელად აშშ-მა თურქეთის 2 კვირით ადრე უნდა მიმართოს. 

ტელეარხის ინფორმაციით ჯერჯერობით არ არის ცნობები, რომ გემების შემოსვლა ბოსფორის სრუტეში სხვა დღეებში მოხდება. აშშ-ის შეცვლილი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს გამოცემის წყარო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

9 აპრილს თურქული გაზეთი, Sabah წერდა, რომ აშშ-მა უკვე აცნობა თურქულ მხარეს, ორი სამხედრო გემის მოახლოების შესახებ. გამოცემის ინფორმაციით, ამერიკული სამხედრო გემები შავ ზღვაში 14-15 აპრილს უნდა შემოსულიყვნენ და ადგილზე 4-5 მაისამდე უნდა გაჩერებულიყვნენ. 

გავრცელებული ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს პენტაგონში. მოგვიანებით СNN აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში თავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ვაშინგტონი შავ ზღვაში დამატებით ორი სამხედრო გემის გაგზავნას აპირებდა.  "აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალები რეგულარულად მოქმედებენ შავ ზღვაში, თუმცა დამატებითი სამხედრო გემების გაგზავნა მოსკოვისთვის განსაკუთრებული სიგნალი იქნება, რომ ვაშინგტონი ვითარებას ყურადღებით აკვირდება",- წერდა CNN. 

ჯერჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა ვაშინგტონის გადაწყვეტილება ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის გუშინდელ სატელეფონო საუბარს. როგორც ცნობილია ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს უახლოეს მომავალში მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა. 

ხმები იმის შესახებ, რომ აშშ შავ ზღვაში დამატებითი სამხედრო გემების გაგზავნას აპირებდა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ესკალაციას დაემთხვა. ბოლო კვირების განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება სისტემატურად იძაბება, პრაქტიკულად აღარ მოქმედებს გასული წლის ივლისში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. 

8 აპრილს დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჯგუფმა Conflict Intelligence Team-მა [CIT] უკრაინის საზღვართან ახლოს მოწყობილი სამხედრო პოლიგონი და სამხედრო ბანაკი აღმოაჩინა

გუშინვე, 8 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში დამატებითი სამხედრო გემების გაგზავნას განიხილავდა. 10 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ შავ ზღვაში დამატებით 2 სამხედრო გემს გაგზავნის.

8 აპრილს, სატელეფონო საუბარში გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ვლადიმირ პუტინს უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო ნაწილების გაყვანა მოსთხოვა

უფრო მეტი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ესკალაციაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

მსგავსი სიახლეები