აშშ უკრაინას 50 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 50 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ 10 მარტს, ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
"დღეს ჩვენ ასევე ვაცხადებთ, რომ კიდევ 50 მილიონ დოლარს გამოვუყოფთ უკრაინას გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში, ჰუმანიტარული დახმარებისთვის." - თქვა ჰარისმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა მხარს უჭერს "უკრაინელ ხალხს, რომელმაც გამოავლინეს არაჩვეულებრივი სიმამაცე, მზადყოფნა და უნარი, იბრძოლოს პუტინის ომისა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ."