აშშ უკრაინისთვის Starlink-ის 500 ტერმინალს შეიძენს, რომელსაც მასკი ვერ გამორთავს

პენტაგონი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის კომპანია Starlink-ის 500-მდე ტერმინალს შეიძენს, რომელთა სიგნალების გაკონტროლებასაც ილონ მასკი ვერ შეძლებს. 

ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს. გაზეთის ცნობით, შეთანხმება თავდაცვის დეპარტამენტსადა და მასკის კომპანიას შორის ივნისში გაფორმდა. 

საკითხში გარკვეული 2 წყაროს ცნობით, აღნიშნულ ტერმინალებზე სრულ კონტროლს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი დაამყარებს, რათა უკრაინელმა სამხედროებმა მათი გამოყენება შეუზღუდავად, დასახული მიზნების რეალიზაციისთვის შეძლონ. 

სავარაუდოა, რომ პენტაგონს გადაწყვეტილებისკენ ილონ მასკის წარსულმა გადაწყვეტილებებმა უბიძგა - ამგვარად უკრაინელ სამხედროები დაზღვეული იქნებიან ინტერნეტ კავშირის დაკარგვის რისკისგან. 

ილონ მასკმა რამდენჯერმე შეუჩერა უკრაინას Starlink-ის ინტერნეტ კავშირი. მათ შორის 2022 წლის მიწურულს ბრიტანელი მომწოდებლის შუამავლობით მიღებული 1300 ტერმინალზე მომსახურების საფასურის გადახდის დაგვიანების გამო შეჩერდა. 

გარდა ამისა, ილონ მასკი პერიოდულად და ფრონტის ხაზის ცვლილებასთან ერთად ცვლის ტერმინალების ხელმისაწვდომობის გეოგრაფიას. 

ფრონტის წინა ხაზზე მყოფი უკრაინელი სამხედროებისთვის ტერმინალების კავშირი ამ დროისთვის გართულებულია. მსგავსი ვითარება იყო გასული წლის შემოდგომაზე, როდესაც ხერსონის კონტრიერიშის დროს უკრაინის მოწინავე დანაყოფებმა უეცრად დაკარგეს კავშირი. 

ამ დროისთვის უკრაინაში Starlink-ის 42 ათასი ტერმინალია, უკრაინელი სამხედროების გარდა ტექნოლოგიას აქტიურად იყენებენ საავადმყოფოები და სხვა ჰუმანიტარული დანიშნებულის დაწესებულებები. 

მსგავსი სიახლეები