ავსტრალიამ ჯოკოვიჩის ვიზა მეორედ გააუქმა, მიზეზი აუცრელობაა
ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ნოვაკ ჯოკოვიჩის მონაწილეობა კვლავ სათუო გახდა, რადგანაც მისი ვიზა, ხელმეორედ გაუქმდა. ამის შესახებ განცხადება იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰოუკმა გააკეთა. ჰოუკის თქმით, მან საკუთარი დისკრეცია გამოიყენა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, სერბ ჩოგბურთელს, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ვიზა გაუუქმა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი COVID-19-ის ვაქცინის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი და ამ დრომდე არ აცრილა, რის გამოც, ავსტრალიის ხელისუფლებამ მისი ვიზა პირველად გასულ კვირას გააუქმა, თუმცა 10 იანვარს, სასამართლომ დააკმაყოფილა ჯოკოვიჩის ადვოკატების მოთხოვნა და მისი ვიზა აღადგინა.
სერბი ჩოგბურთელის წარმომადგენლებს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, ამიტომ უცნობია, რა სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას შეეცდებიან. იმიგრაციის მინისტრის თქმით, ის ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ჩოგბურთელის ქვეყნიდან დეპორტირებასაც არ გამორიცხავს.
ასევე, არსებობს იმის რისკიც, რომ მსოფლიოს პირველ ჩოგანს, შემდგომი სამი წლის განმავლობაში, ავსტრალიის ვიზაზე უარი ეთქვას, რაც მას დიდი შლემის ტურნირში მონაწილეობას შეუზღუდავს.
გასული კვირის რეაქციებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ბელგრადში ეს გადაწყვეტილება ვნებათაღელვას და ავსტრალიის მთავრობის მკაცრ კრიტიკას გამოიწვევს.