ავსტრიის კანცლერი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩადის
ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი 11 აპრილს მოსკოვში ჩავა და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გამართავს.
„სამხედრო თვალსაზრისით, ნეიტრალურები ვართ, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ რუსულ საომარ აგრესიაზე მკაფიო პოზიცია გვაქვს. ის [პუტინი] უნდა გაჩერდეს! საჭიროა ჰუმანიტარული დერეფნები, ცეცხლის შეწყვეტა და ომის დანაშაულების სრულად გამოძიება“, - განაცხადა ავსტრიის ლიდერმა ვიზიტის წინ.
ნეჰამერის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ კრემლშიც.
მანამდე, 9 აპრილს, ავსტრიის კანცლერი უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ავსტრია, რომელიც ნეიტრალიტეტის კურსს მისდევს, უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე უარს ამბობს, თუმცა კიევს ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის.
ცოტა ხნის წინ ავსტრიამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ოთხი რუსი დიპლომატი.
უკრაინაში ომის დაწყების გამო ვლადიმირ პუტინი სულ უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში.
24 თებერვლის შემდეგ პუტინთან პირისპირ შეხვედრა მარტის დასაწყისში ისრაელის პრემიერმა ნაფტალი ბენეტმა გამართა.