ავსტრიის ყოფილი კანცლერი: უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირს ახალი სამეზობლო პოლიტიკა ჭირდება
ავსტრიის ყოფილი კანცლერი და მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესია ევროკავშირისთვის „გეოსტრატეგიულ მომენტს“ წარმოადგენს და ბლოკმა სამეზობლო პოლიტიკას რადიკალურად უნდა გადახედოს.
„ჩვენ მიერ შემუშავებული აღმოსავლეთ პარტნიორობა არ მუშაობს. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მოდელი მთლიანად უნდა გადავიაზროთ“, - ამბობს შალენბერგი Financial Times-თან ინტერვიუში.
ყოფილი კანცლერის თქმით, ევროკავშირმა საკუთარი სადამფუძნებლო ხელშეკრულება უნდა გადასინჯოს, რათა უკრაინას ევროკავშირში ინტეგრაცია გაუადვილდეს.
„24 თებერვალი [რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების თარიღი] წყალგამყოფი იყო. ვფიქრობ, წარმოსახვა მაქსიმალურად უნდა მოვიშველიოთ და... ძველ მოდელს არ გავყვეთ, რომელსაც დიდი ბრიტანეთის შემდეგ ევროკავშირში გაწევრების [პროცედურისთვის] ვიყენებდით.
ბრიუსელი ციფრებში და კანონებში არ უნდა დაიკარგოს. [ევროკავშირის] გაფართოების კუთხით არ არის ლეგალისტური, ბიუროკრატიული [მიდგომა], ეს გეოსტრატეგიული ინსტრუმენტია“, - ამბობს კარიერული დიპლომატი უკრაინის დასავლური ამბიციების შესახებ.
შალენბერგის განცხადებით, ბრიუსელმა გაწევრების მსურველ ქვეყნებს „ერთიან ბაზარზე“ (single market) - ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში - ნაწილობრივი წვდომა სწრაფად უნდა შესთავაზოს და გარდამავალ პერიოდში მათ სპეციალური პროგრამებით უნდა დაეხმაროს.
„ეს [ევროკავშირის მეზობელი] ქვეყნები ევროპას უნდა მივამაგროთ... ისინი ევროპის უკანა ეზო არ არიან, ეს ჩვენი შიდა ეზოა - ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირის წევრები ესაზღვრებიან“, - განაცხადა შალენბერგმა წევრობის მსურველ სახელმწიფოებზე.