Axos: ტრამპი განრისხებულია რუსეთის მიერ უკრაინის მასირებული დაბომბვების გამო

დონალდ ტრამპი ცეცხლის შეწყვეტაზე უარის შემთხვევაში რუსეთს მკაცრი საბანკო სანქციების დაწესებით დაემუქრა და რუსეთს და უკრაინას მოუწოდა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებები. 

ტრამპის მეორე ინაუგურაციის შემდეგ ეს არის პრაქტიკულად პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის 47-ე პრეზიდენტი რუსეთს სანქციების დაწესებით ან გამკაცრებით ემუქრება. 

გამოცემა Axios თეთრ სახლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის რიტორიკის ცვლილების მიზეზი შესაძლოა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე გახშირებული სარაკეტო თავდასხმები იყოს. 

"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ამჟამად აბსოლუტურად „ანადგურებს“ უკრაინას ბრძოლის ველზე, მე სერიოზულად განიხილავ რუსეთისთვის ფართომასშტაბიანი საბანკო სანქციების, დამატებითი სანქციებისა და ტარიფების დაწესებას, რომლებიც ძალაში დარჩება მანამ, სანამ ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული. რუსეთო და უკრაინავ, დაუყოვნებლივ დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან, სანამ ძალიან გვიან არ არის. გმადლობთ".

გასული 48 საათის განმავლობაში საოკუპაციო არმიამ უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე მასირებული სარაკეტო და დრონების თავდასხმები განახორციელა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც. 

"გასულ დღეებში რუსეთის ქცევამ პრეზიდენტი განარისხა"- ამბობს გამოცემასთან თეთრი სახლის მაღალჩინოსანი, რომელმაც საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ანონიმურობა ითხოვა. 

კონტექსტი 

ტრამპის განცხადებას წინ უძღოდა უკრაინისთვის სამხედრო და სადაზვერვო დახმარების დაპაუზება. თავის მხრივ, აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკულმა ადმინისტრაციაში თეთრ სახლში გამართული სკანდალური შეხვედრის შემდეგ მიიღო. 

ამერიკელი პრეზიდენტის წნეხის ფონზე უკრაინის ხელმძღვანელობამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნის შესახებ გამოაცხადა. 

მომდევნო კვირას ერ-რიადში უკრაინისა და ამერიკის მაღალი რანგის დელეგაციების პირველი შეხვედრა გაიმართება - შეხვედრის მთავარი თემა რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებისთვის ჩარჩო პირობების მომზადება იქნება. 

 

მსგავსი სიახლეები