აზერბაიჯანმა ყარაბაღში ოპერაციის შეჩერებაზე შეთანხმება დაადასტურა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ყარაბაღში ანტიტერორისტული ღონისძიებების შეჩერების შესახებ შეთანხმება მიღწეულია.

"აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით მიღებული ყარაბაღის სომეხი მაცხოვრებლების წარმომადგენლების მომართვის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების 2023 წლის 20 სექტემბერს 13:00 საათიდან შეჩერების შესახებ." – ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში დაკონკრეტებულია ანტიტერორისტული ღონისძიებების შეჩერების პირობები.

"სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბაღის რეგიონში დისლოცირებული არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებები დაყრიან იარაღს, დატოვებენ საბრძოლო პოზიციებს და სამხედრო პუნქტებს და მთლიანად განიარაღდებიან. სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები დატოვებენ აზერბაიჯანის ტერიტორიას, დაიშლება არალეგალური სომხური შეიარაღებული ძალები," - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, პირობების მიხედვით, "ყველა შეიარაღება და მძიმე ტექნიკა ერთდროულად ჩაბარდება."

"ზემოაღნიშნული პროცესების განხორციელება უზრუნველყოფილია რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტთან კოორდინაციით," - აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები