აზერბაიჯანთან სასაზღვრო შეტაკებას ორი სომეხი მესაზღვრე ემსხვერპლა
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სასაზღვრო დაპირისპირება გამწვავდა. 2020 წლის შემოდგომაზე მომხდარი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, მიმდინარე ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ.
ორმხრივი სროლები და დაბომბვები 15 ნოემბერს, შუადღისას დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. ცხელი წერტილი, გორისის რეგიონის სოფელი ტელია, სადაც ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სომხური მხარე საარტილერიო დაბომბვების შესახებაც იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ გორისის რეგიონს სტრატეგიული დანიშნულება აქვს, რადგანაც სწორედ აქ გადის სომხეთისა და ყარაბაღის ერთადერთი სახმელეთო დამაკავშირებელი გზა - ლაჩინის კორიდორი.
გორისის რეგიონის გარდა, ინტენსიური შეტაკებები რამდენიმე სტრატეგიულ სიმაღლეზე მიმდინარეობს. სომხური მხარის განცხადებით, მათ 2 სასაზღვრო/საბრძოლო პუნქტი დაკარგეს და ორი მესაზღვრე დაიღუპა.
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა რუსეთს ოფიციალურად მიმართა და მათი ტერიტორიის სუვერენიტეტის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც 1997 წლის ხელშეკრულება ითვალისწინებს.
აზერბაიჯანული მხარე პროვოკაციაში სომხეთს ადანაშაულებს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სომხურმა მხარემ ცეცხლი საბრძოლო პუნქტებს გაუხსნა კალბაჯარის და ლაჩინის რეგიონში.