"აზოვი": აზოვსტალში ასობით უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა
აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა (კალინა), ВВС Україна-სთან ინტერვიუში მარიუპოლის ქარხანა აზოვსტალში უკრაინელი სამხედროების დანაკარგებზე ისაუბრა.
„დაღუპულთა რაოდენობას არ ვაცხადებ, დამიჯერეთ, საუბარია ასობით უკრაინელ ჯარისკაცზე, დაჭრილები 600-მდე ადამიანია. მაგრამ ეს მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება, ისევე როგორც დაღუპულთა რიცხვი... ზუსტად ისიც კი არ ვიცით, რამდენი სამხედროს ცხედარი ვერ გადმოვიტანეთ ნანგრევებიდან. მიმაჩნია, რომ რუსულ მხარესაც სჭირდება დაღუპულების ცხედრების შეგროვება. ეს მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას და ორივე მხარის შეთანხმებას დაღუპულთა ცხედრების შეგროვებასა და გაცვლაზე. ახლა გარეთ უკვე თბილა, ცხედრები ხრწნას იწყებენ და ყველაფერს მოწამლავს“, - განაცხადა პალამარმა.
მან აღნიშნა, რომ „აზოვი“ 1 მარტიდან ავრცელებს ინფორმაციას, რომ ის მოწინააღმდეგის ძალების ალყაშია.
”ყველაზე ცინიკური ის არის, რომ გვაძლევენ დაპირებებს: ”ბიჭებო, მოიცადეთ მარტის შუა რიცხვებამდე და მერე მოვა დახმარება.” და არაფერი. "მოითმინე აპრილამდე და ყველაფერი კარგად იქნება, მაგარია." ისევ და ბოლოს, არაფერი... ჩემი აზრით, ამ გარნიზონმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე შეეძლო. გესმით მტრის რამდენად აღმატებულ ძალას ვებრძვით?!“ – თქვა პალამარმა.
აზოვსტალის ქარხანა არის ბოლო ობიექტი, რომელსაც უკრაინელი სამხედროები მარიუპოლში აკონტროლებენ.
7 მაისს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცები იქნა ევაკუირებული.
ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით, არცერთი დაჭრილი ჯარისკაცის ევაკუაცია ამ დრომდე არ მომხდარა.