"აზოვი" მარიუპოლის დებლოკადაზე: დარწმუნებული ვართ, რომ არ გვიღალატებენ
აზოვის პოლკი შესაძლებლად მიიჩნევს დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის ბლოკადის გარღვევას. ამის შესახებ 14 აპრილს Радіо Свобода-სთვის მიცემულ კომენტარში "აზოვის" მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარმა (კალინა) განაცხადა.
"იმედი გვაქვს, ვიბრძვით ოპტიმიზმით და ველოდებით ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადამწყვეტ ქმედებებს ქალაქის დებლოკადისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებელია. არცერთმა ექსპერტმა და ანალიტიკოსმა არ ჩათვალა შესაძლებლად, რომ მარიუპოლის დამცველთა ჯგუფი, მთელი ეს გარნიზონი ამდენ ხანს გაძლებდა", - თქვა მან.
აზოვის Twitter-ზე გამოქვეყნებულ მიმართვაში, კალინამ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები მარიუპოლში "წარმოუდგენელ გმირობას ჩადიან, რაც შესაძლებლობის ფარგლებს სცილდება".
"განადგურდა მტრის 46 ტანკი, ჩამოგდებულია 27 საფრენი აპარატი, 69 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 30 ჯავშანტრანსპორტიორი, სატვირთო მანქანები, მანქანები, უპილოტო საფრენი აპარატები, ნავი, თვითმფრინავი განადგურდა. დაიჭრა და დაიღუპა მტრის 2000-ზე მეტი ქვეითი. არის თუ არა ამ სამყაროში ერთი ადგილი მაინც, სადაც ასეთი მძიმე ბრძოლები იმართება?" - თქვა მან.
პალამარმა აღნიშნა, რომ მარიუპოლის დამცველები ტანკების, არტილერიისა და საჰაერო თავდასხმების მუდმივი ცეცხლის ქვეშ ებრძვიან მტერს "სათანადო მხარდაჭერის გარეშე".
გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინას მარიუპოლის დებლოკირებისთვის მეტი იარაღი სჭირდება და ამაზე დასავლელ პარტნიორებთან მუშაობა მიმდინარეობს.