"აზოვი": რუსებმა აზოვსტალზე შტურმი დაიწყეს
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანაზე შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ "Украинская правда"-სთან "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა (კალინა) განაცხადა.
პალამარის თქმით, დამპყრობლები ქარხანაში შეჭრას სწორედ ახლა ცდილობენ. თავდასხმამდე ქარხანა რუსულმა ავიაციამ დაბომბა.
"ავიაცია მთელი ღამე გვაბომბავდა, ორი ქალი დაიღუპა და ახლა აზოვსტალზე შტურმი მიმდინარეობს", - თქვა მან.
Reuters-ის ინფორმაციით, მათ ხელთ არსებულ ფოტოებზე ჩანს, რომ აზოვსტალს მარიუპოლის გარეუბნიდან, რუსული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ბომბავდნენ.
აზოვსტალზე თავდასხმის დაწყებას Telegram-ში ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკოც ადასტურებს.