ბაიდენი: ამერიკამ უკრაინას უკვე $3 მილიარდის სამხედრო დახმარება გადასცა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა კიევს 3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გადასცა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 3 მაისს ალაბამაში მდებარე Lockheed Martin-ის ქარხანაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც, სხვა შეიარაღებასთან ერთად Javelin-ები მზადდება.
"ჩვენ უზრუნველვყავით იარაღის, ტექნიკის და სხვა ტექნიკის შეუფერხებლად მიწოდება. სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების შემდეგ, ჩვენ 3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გადავეცით უკრანას. დემოკრატია უნდა დავიცვათ, რადგან, როგორც ისტორია აჩვენებს, თუ დიქტატორებს არ ვებრძვით, ისინი ბრუნდებიან", - განაცხადა ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ვაშინგტონმა "უნდა დაარწმუნოს მოკავშირეები, [ევროპაში] რომ შეძლებენ თავიანთი შეიარაღების მარაგის შევსებას უკრაინაში გაგზავნილი იარაღის ნაცვლად".
"ეს არ იქნება იაფი. მაგრამ ან ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, ან უბრალოდ ვუყურებთ რუსეთის აგრესიას და რუსეთის სისასტიკეს. მე ვიცი, რა არის ამაზე პასუხი", - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის კონგრესი მალე დააკმაყოფილებს მის მოთხოვნას დამატებით 33 მილიარდი დოლარის დახმარებაზე, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად არის საჭირო.