ბაიდენი: ავღანეთის მთავრობას თალიბანის შეჩერება შეუძლია
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ავღანეთში ამერიკის სამხედრო მისია მიმდინარე წლის 31 აგვისტოს დასრულდება.
ამ დროისთვის აშშ-მა თითქმის სრულად დაასრულა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის პროცესი, რასაც თან ახლავს თალიბანის მიერ წამოწყებული შეტევები. ბოლო თვეების განმავლობაში თალიბანის კონტროლის ქვეშ ქვეყნის 70-ზე მეტი რაიონი მოექცა.
ამერიკის დაზვერვის ინფორმაციით, ავღანეთის ცენტრალური მთავრობა შესაძლოა უახლოეს თვეებში დაეცეს და ქვეყანაზე სრული კონტროლი თალიბანმა დაამყაროს, ხოლო მათი თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ბოლო ამერიკელ ჯარისკაცს ავღანეთი 11 სექტემბერს უნდა დაეტოვებინა.
"ჩვენ არ ჩავსულვართ ავღანეთში ახალი ერის შესაქმნელად, ეს მხოლოდ ავღანელი ხალხის პასუხისმგებლობაა და მხოლოდ მათ უნდა გადაწყვიტონ როგორი იქნება მათი მომავალი",- თქვა ბაიდენმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ჯარების გაყვანის შემდეგაც გააგრძელებს ავღანეთის მხარდაჭერას და დაიცავს ადამიანის უფლებებს.
ამავდროულად, ბაიდენის თქმით, ამირიკული დაზვერვის ვარაუდი, რომ თალიბანის ზეწოლის ქვეშ ავღანეთის ცენტრალური მთავრობა მალე ჩამოიშლება, რეალობას არ შეესაბამება:
"ავღანეთის ცენტრალური მთავრობის არმიას აქვს რიცხობრივი უპირატესობა და ისინი უკეთ არიან შეიარაღებულნი. მათ ცალსახად აქვთ რესურსი შეინარჩუნონ ძალაუფლება, თუმცა ამისთვის საჭირო იქნება კოორდინაცია."
ცნობილია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო იმ ავღანელების ძებნისა და ნატურალიზაციის პროცესი, რომლებიც ამერიკული ინტერვენციის დროს მათ ეხმარებოდნენ ან მასპინძლობდნენ. თითოეული მათგანი აშშ-ის შესაბამის ვიზას მიმდინარე თვეში მიიღებს.