ბაიდენი: ისრაელი ებრაელი ხალხისთვის კვლავ უსაფრთხო ადგილი უნდა იყოს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელმაც მეუღლე და ქალიშვილი ავტოკატასტროფაში დაკარგა, ისაუბრა პირად ემოციებზე, რაც საყვარელი ადამიანების დაკარგვას უკავშირდება.
"ისინი ნამდვილად არასოდეს წავლენ. არის რაღაც, რაც არასდროს იკარგება, შენი სიყვარული მათ მიმართ და მათი სიყვარული შენდამი." - აღნიშნა ბაიდენმა.
მან ისრაელელების გმირობა შეაქო - მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ებრძოდნენ ტერორისტებს, მედიკოსები, რომლებიც დაშავებულებს მკურნალობდნენ, რეზერვისტები, რომლებმაც ყველაფერი დატოვეს ჰამასის თავდასხმის დროს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
"ისრაელის სახელმწიფო დაიბადა, რათა ყოფილიყო უსაფრთხო ადგილი ებრაელი ხალხისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დღეს ასე არ იყოს... ისრაელი კვლავ უსაფრთხო უნდა გახდეს ებრაელი ხალხისთვის." - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.
"თქვენ მარტო არ ხართ," - განაცხადა ბაიდენმა ისრაელში ნახევარდღიანი ვიზიტის ბოლოს.
"გაუპატიურება, თავების მოკვეთა, ცოცხლად დამწვარი სხეულები - ჰამასმა ჩაიდინა სისასტიკეები, რომლებიც გვაგონებს ISIS-ის ყველაზე უარეს ქმედებებს. [ჰამასმა] მსოფლიოში დაუოკებელი ბოროტება გაავრცელა. არ არსებობს ამის რაციონალიზაცია." - აღნიშნა მან.
ბაიდენმა ჰოლოკოსტი გაიხსენა და თქვა, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმამ ამ გენოციდის ტრამვები გააცოცხლა.
მსოფლიო "მაშინ უყურებდა და არაფერს აკეთებდა... ჩვენ არ დავდგებით განზე და უმოქმედოდ, არც დღეს, არც ხვალ, არც არასდროს," - ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.
ბაიდენმა დაკარგულთა და მძევლების ოჯახებს უთხრა, რომ ისინი მარტო არ არიან.