ბაიდენმა გერმანიაში ვიზიტი ფლორიდაში ქარიშხლის გამო გადადო
ფლორიდაში მოსალოდნელი ძლიერი ქარიშხალის "მილტონის" გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადადო ამ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი გერმანიაში. ამის შესახებ თეთრმა სახლმა 8 ოქტომბერს განაცხადა.
გარდა ამისა, გადაწყდა ბაიდენის ანგოლაში ვიზიტის გადადება, სადაც ამერიკის პრეზიდენტი გერმანიის შემდეგ აპირებდა გაფრენას.
აშშ-ის ადმინისტრაციამ გამოხატა სერიოზული შეშფოთება ძლიერი ქარიშხლის გამო, რომელიც, როგორც ჩანს, მიემართება ახლახან ქარიშხალ "ჰელენის" მიერ დაზიანებული ტერიტორიებისკენ.
იმავდროულად, გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა სინანული გამოთქვა ბაიდენის ვიზიტის გადადების გამო. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ფედერალურ მთავრობას "რა თქმა უნდა, ესმის ფლორიდაში არსებული სიტუაცია."
ჰებესტრეიტაის ცნობით, გადაწყვეტილების შესახებ თეთრმა სახლმა გერმანიის ხელისუფლებას წინასწარ აცნობა.
ქარიშხალი "მილტონი" ბოლო საათებში ოდნავ შესუსტდა და ახლა მე-4 კატეგორიის ქარიშხალია 230 კმ/სთ მდგრადი ქარით. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის პროგნოზით, ეს არის "უკიდურესად საშიში ქარიშხალი, რომელიც დაატყდება თავს ფლორიდის სანაპიროს."
აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი თავდაპირველად 10-12 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. ეს უნდა ყოფილიყო ბაიდენის პირველი ვიზიტი გერმანიაში ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. ბერლინში დაგეგმილი იყო მისი შეხვედრა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.
ამის შემდეგ ბაიდენმა დასავლეთ გერმანიაში მდებარე რამშტეინის ავიაბაზაზე აპირებდა წასვლას, სადაც უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ კოალიციის მორიგი შეხვედრა უნდა გამართულიყო.