ბაიდენმა რუსეთის "მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლა დაგმო

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო რუსეთის განცხადება "მარცვლეულის შეთანხმებაში" მისი მონაწილეობის შეჩერების შესახებ. Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს 29 ოქტომბერს დელავერის შტატის ქალაქ ვილმინგტონში ვიზიტისას განუცხადა.

ბაიდენმა რუსეთის გადაწყვეტილებას "აღმაშფოთებელი" უწოდა და განაცხადა, რომ ეს მსოფლიოში შიმშილს გაზრდის.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთს ამის მიზეზი არ აქვს, მაგრამ როცა ის "რაღაც აღმაშფოთებელს აკეთებს" ყოველთვის ეძებს რაიმე სახის გამართლებას, რათა თქვას, რომ "დასავლეთმა აიძულა ამის გაკეთება".

კონტექსტი

29 ოქტომბერს რუსეთმა "მარცვლეულის შეთანხმებაში" მონაწილეობის შეჩერების შესახებ განაცხადა. ამის მიზეზად "შავი ზღვის ფლოტის გემებისა და სამოქალაქო გემების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტის" დასახელდა, რომლებიც "მარცვლეულის დერეფნის" უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ.

იმავე დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა, "მარცვლეულის ინიციატივაში" რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესახებ განაცხადა, რომ რუსეთი "ფიქტიურ ტერორისტულ თავდასხმებს აწყობს საკუთარ ობიექტებზე".

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის საზღვაო პორტებიდან ექსპორტი დაბლოკა. მაისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პორტებში 22 მილიონი ტონა მარცვლეული იყო დაბლოკილი, რომელიც ექსპორტზე უნდა გასულიყო.

22 ივლისს თურქეთში ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ექსპორტის შესახებ. უკრაინამ დოკუმენტს ხელი თურქეთთან და გაეროსთან მოაწერა, იგივე გააკეთა რუსეთმაც.

ექსპორტის განბლოკვის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესის პორტი 1 აგვისტოს დილით დატოვა.

მსგავსი სიახლეები