ბაიდენმა შეამცირა სხვაობა ტრამპთან ე.წ. მერყევ შტატებში

გასულ დღეებში სხვაობა ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის ე.წ. მერყევ შტატებში შემცირდა, თუმცა რესპუბლიკელების კანდიდატი კვლავ ლიდერობს. 

ამის შესახებ Bloomberg-ის დაკვეთით ჩატარებული, სოციოლოგიური კომპანია Morning Consult-ის კვლევა მოწმობს. 

კვლევის მიხედვით, მერყევ შტატებში, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დონალდ ტრამპს მხარს გამოკითხულთა 47% უჭერს, ხოლო ბაიდენს - 45%. 

კომპანიის მირ მერყევ შტატებად მიჩნეულია: არიზონა, ჩრდილოეთ კაროლინა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, პენსილვანია და ვისკონსინი. 

კვლევის მიხედვით, მოქმედ პრეზიდენტს ყველაზე მაღალი შანსი მიჩიგანსა და ვისკონსინში აქვს - ამ შტატებში 48 და 47%-ით შესაბამისად, ბაიდენი ლიდერობს. 

ტრამპს უფრო საგრძნობი უპირატესობა აქვს, ჩრდილოეთ კაროლინაში, ნევადაში, არიზონაში, ჯორჯიასა და პენსილვანიაში. 

მიუხედავად ამისა, კვლევამ აჩვენა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მაღალი რიცხვი, კვლევის ავტორების მტკიცებით, დემოკრატებს შეუძლიათ კანდიდატის ჩანაცვლების შემთხვევაში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიზიდონ. 

იმავე ორგანიზაციის მიერ ივნისის მიწურულს ჩატარებული კვლევით, ყველა მერყევ შტატში ტრამპი ლიდერობდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა ჩრდილოეთ კაროლინის გარდა ყველა ჩამოთვლილ შტატში გაიმარჯვა.

კონტექსტი 

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების სისტემისა და ძალთა არსებული ბალანსის გათვალისწინებით, ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის ბედი მაღალი ალბათობით, სწორედ ამ შტატებში გადაწყდება. 

29 ივნისს დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენის შორის გამართული საპრეზიდენტო დებატების პირველი რაუნდი უკანაკსნელისთვის კატასტროფულად დასრულდა. ტელემაყურებლებისა და ანალიტიკოსების უმრავლესობამ ტრამპს დამაჯერებელი გამარჯვება მიანიჭა. 

მალევე დემოკრატიული პარტიის მაღალჩინოსნებსა და დონორებს შორის ჯო ბაიდენის კანდიდატურის ჩანაცვლებაზე ალაპარაკდნენ. ბაიდენის კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდა New York Times-ის რამდენიმე კოლუმნისტმა, მათ შორის ჯო ბაიდენის მეგობარმა, ტომას ფრიდმანმა, ასევე პოლ კრუგმანმა, ფრენკ ბრუნიმ. გარდა ამისა, ცალკე გამოქვეყნდა გაზეთის რედაქტორთა საბჭოს წერილი, რომელშიც ჟურნალისტები ბაიდენს მოუწოდებდნენ, გზა ახალგაზრდა დემოკრატისთვის დაეთმო. 

თავად ბაიდენმა, დებატების შემდგომ დღეს აღიარა, რომ არ ჰქონდა ყველაზე წარმატებული საღამო, თუმცა დასძინა, რომ საპრეზიდენტო რბოლაში ბოლომდე დარჩება. ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწებენ ბაიდენს ოჯახის წევრებიც. 

3 ივლისს, New York Times ბაიდენის გარემოცვის ახლო წევრზე დაყრდნობით წერდა, რომ პრეზიდენტი განიხილავს კანდიდატურის მოხსნას და მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი მომდევნო დღეები იქნება.

5 ივლისს, ბრიტანული Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ დემოკრატიული პარტიის დონორები ბაიდენის ჩამნაცვლებლად მიჩიგანის გუბერნატორის, გრეტჰენ უიტმერისა და მისი კალიფორნიელი კოლეგის, გევინ ნიუსომის კანდიდატურას განიხილავენ. 

თავად ბაიდენმა 6 ივლისს, ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის ტრამპის დასამარცხებლად, შეუძლია მომდევნო 4 წელი ქვეყნის მართვა და არ აპირებს საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლას. 

მსგავსი სიახლეები