ბაიდენმა უკრაინული ფოლადისთვის წლიური გადასახადი გააუქმა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინული ფოლადის იმპორტზე 25%-იანი გადასახადის ერთი წლით გაუქმების შესახებ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იტყობინება.
"უკრაინის ფოლადის ინდუსტრია სერიოზულად დაზარალდა რუსეთის ფედერაციის დაუსაბუთებელი, არაპროვოცირებული, დაჟინებული და არაკეთილსინდისიერი ომით უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინაში ფოლადის წარმოების მნიშვნელოვანი შეფერხება, სავარაუდოდ, შეამცირებს ფოლადის მთლიან წარმოებას უკრაინაში, ისევე როგორც ფოლადის რაოდენობას, რომელიც შეერთებულ შტატებში უკრაინიდანაა შემოტანილი", - ნათქვამია განცხადებაში.
თეთრმა სახლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2021 წელს ეს იმპორტი შეადგენდა შეერთებულ შტატებში ფოლადის იმპორტის 1%-ზე ნაკლებს, მაგრამ ამავდროულად, ფოლადის ინდუსტრია ისტორიულად მნიშვნელოვანი იყო უკრაინისთვის და ამიტომ ორივე ქვეყანა დაინტერესებულია ამ ინდუსტრიის შენარჩუნებით.
ამიტომ ბაიდენმა უკრაინის ფოლადის წარმოების შესაძლებლობის შეფერხების და უსაფრთხოების შესახებ მიმდინარე დისკუსიების გათვალისწინებით, გადაწყვიტა ერთი წლით შეეჩერებინა 2018 წელს, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ფოლადზე დაწესებული 25 პროცენტიანი გადასახადი.