ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის ელექტროსისტემას დატოვებენ
ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი 2025 წლის თებერვლისთვის რუსულ ენერგომომარაგების ქსელებს გამოეყოფიან და კონტინენტური ევროპის ქსელებთან სინქრონიზირებას მოახდენენ. ეს გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ენერგეტიკული ქსელის ოპერატორებმა 2 აგვისტოს გამოაცხადეს.
იმის შესახებ, რომ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ასეთი ნაბიჯისთვის ემზადებოდნენ, ადრე ინტერნეტგამოცემა Delfi-მ დაწერა.
"შეთანხმების განხორციელებისას ოპერატორებს მოეთხოვებათ 2024 წლის აგვისტოში ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ BRELL-ს (ე.წ. ბელორუსის, რუსეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ე.წ. ელექტრო რგოლი, რომელიც ითვალისწინებს ენერგოსისტემის სინქრონულ მუშაობას - რედ.) აცნობონ და კონტინენტური ევროპის ქსელებთან არაუგვიანეს 2025 წლის თებერვლისა სინქრონიზდნენ," - ნათქვამია ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.
როგორც სამინისტრომ განმარტა, გადაწყვეტილება BRELL-ისგან გამოყოფის შესახებ "რეგიონში გეოპოლიტიკური უსაფრთხოების შეცვლილი ვითარების გათვალისწინებით, უკრაინის ომის კონტექსტში" მიიღეს და ეს "ადასტურებს ბალტიისპირეთის ქვეყნების ერთიანობას საერთო ენერგეტიკული უსაფრთხოების მიღწევის მიზნებში."
2022 წლის დეკემბერში ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა თქვა, რომ ტალინი მზად იყო BRELL-ის სისტემიდან გადაუდებელი გათიშვისთვის, მაგრამ სურდა შესაძლო რისკების მინიმუმამდე შემცირება. შემდეგ კალასმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას აქვს ასეთი ნაბიჯის გადადგმის პოლიტიკური ნება, მაგრამ მას ჯერ კიდევ აკლია რამდენიმე ტექნიკური ელემენტი.