აზერბაიჯანი სომხეთს საზღვარზე ქარხნის მშენებლობის შეჩერებას სთხოვს
აზერბაიჯანის მთავრობამ სომხეთს ოფიციალურად მოსთხოვა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან, სოფელ იერასხში მეტალურგიული ქარხნის მშენებლობის შეჩერება. შესაბამისი წერილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გაუგზავნა.
ქარხანას, რომელიც სომხურ-ამერიკული ინვესტიციით შენდება, აზერბაიჯანული მხრიდან პერიოდულად ბომბავენ. ერთ-ერთი ინციდენტის დროს ორი მშენებელი დაშავდა, რომლებიც ინდოეთის მოქალაქეები არიან, დაზიანდა სამშენებლო ტექნიკა. დაბომბვა არ შეწყვეტილა მას შემდეგაც, რაც ქარხნის ტერიტორიაზე სომხეთისა და შეერთებული შტატების დროშები აღმართეს.
ბაქოში ამბობენ, რომ ქარხანა "სომხეთისა და აზერბაიჯანის პირობითი საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში" შენდება. აზერბაიჯანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქარხნის საქმიანობას "შეიძლება საზღვრისმიღმა ეფექტი ჰქონდეს."
"ესპოს კონვენციის 3.1 მუხლის შესაბამისად, სომხეთი ვალდებულია აზერბაიჯანი გარემოზე ამ მოქმედების გავლენის შესახებ გააფრთხილოს. თუმცა, აზერბაიჯანს, როგორც დაზარალებულ მხარეს, სომხეთისგან ამ პროექტის შესახებ არანაირი შეტყობინება არ მიუღია." - აღნიშნავს ბაქო.
აზერბაიჯანის მთავრობამ მოითხოვა "სომხეთის მიერ ქარხნის მშენებლობის დაუყონებლივ შეწყვეტა, სანამ პროექტის ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები სრულად არ დაზუსტდება და ადეკვატურად განიხილება."
მანამდე აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო წერდა, რომ სოფელი არაზდეიანი (იერასხი) აზერბაიჯანის ისტორიული რეგიონია, სადაც "სომხები მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოასახლეს."