ბელარუსი მიგრანტებს პოლონეთთან საზღვრის გადაკვეთაში ეხმარება
პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან შეკრებილი ათასობით მიგრანტი ევროკავშირის ტერიტორიაზე შესაღწევად სასაზღვრო მავთულხლართის გადალახვას ცდილობს.
გუშინ მედიამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს მიგრანტების კოლონა, რომლებსაც შეიარაღებული პირები ბელარუსის მხრიდან პოლონეთის მიმართულებით გადასასვლისკენ უბიძგებენ.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერში პოლონელი მესაზღვრეებიც ჩანან, რომლებიც მიგრანტების დასაბრკოლებლად ცრემლსადენ გაზს იყენებენ.
ვარშავა აცხადებს, რომ სასაზღვრო ინციდენტის უკან ბელარუსის რეჟიმის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკა დგას, რომელიც ამ გზით ევროკავშირზე მიგრანტების საკითხით მანიპულირებას ეწევა.
„ბელარუსის მიერ წაქეზებული მიგრანტები მასობრივად ცდილობენ პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოჭრას, რაც პოლონეთზე ჰიბრიდულ იერიშს წარმოადგენს“, - განაცხადა პოლონეთის უშიშროების ძალების პრესსპიკერმა სტანისლავ ზარინმა.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ საზღვარზე 12 000 სამხედრო მოსამსახურე ჩააყენა და ტერიტორიული დაცვის ძალების მობილიზაცია გამოაცხადა.
მთავრობის ინფორმაციით, საზღვართან სამიდან ოთხ ათასამდე მიგრანტია შეკრებილი, რომლებიც ძირითადად ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებიდან არიან.
ბელარუსის საზღვრის დაცვის უწყების განაცხადებით, მიგრანტებს „ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის უფლება აქვთ და ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ.“
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ ევროკავშირის ლიდერებს ბელარუსი ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც „ამ ჰიბრიდული იერიშის“ უკან დგანან, სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.