ბელორუსი და ვაგნერი პოლონეთის საზღვართან წვრთნებს ატარებენ
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი სპეცრაზმისა და ვაგნერის წევრების ერთობლივი წვრთნები პოლონეთის მახლობლად მდებარე პოლიგონზე დაიწყო.
ამის შესახებ განცხადება სამინისტროს ოფიციალურ Telegram-ზე გამოქვეყნდა.
მოკლე განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ ბელორუსის უსაფრთხოების ძალები ვაგნერელებთან წვრთნებს გააგრძელებენ.
"ერთი კვირის განმავლობაში სპეციალური ოპერაციის ძალების ქვედანაყოფები, ვაგნერის წარმომადგენლებთან ერთად, ბრესკის პოლიგონზე საბრძოლო მომზადების ამოცანებს შეიმუშავებენ." - ნათქვამია განცხადებაში.
სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ სასაზღვრო პოლიგონზე ვაგნერელებისა და ბელორუსის არმიის წვრთნების შესახებ აღნიშნა, რომ ისინი აკვირდებიან სიტუაციას და ქვეყნის საზღვრები უსაფრთხოა.
"პოლონეთის საზღვრები დაცულია. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სიტუაციას ჩვენს აღმოსავლეთ საზღვარზე და მზად ვართ სხვადასხვა სცენარისთვის," - აცხადებენ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში.