ბენ გვირი იმუქრება, რომ თუ ომი არ განახლდება, მთავრობას დაშლის
ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრი იტამარ ბენ გვირი მთავრობის დაშლით იმუქრება, თუ ისრაელი ჰამასთან ომს არ განაახლებს, რომელიც ამჟამად დროებით შეწყდა ტყვეთა გაცვლის პროცესის გამო.
"ომის შეჩერება = ხელისუფლების დაშლა," - აღნიშნა მან.
ბენ გვირის პარტიას ქნესეთში ექვსი მანდატი და მთავრობაში სამი მინისტრი ჰყავს.
ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, მმართველ კოალიციას ბენი განცის პარტია "ეროვნული ერთიანობა" შეუერთდა, ამიტომ ბენ გვირის კოალციიდან გასვლა მთავრობის დაშლას არ გამოიწვევს.
იტამარ ბენ გვირმა და მისი პარტიიდან მინისტრებმა, 24 ნოემბრის ჰამასისა და ისრაელის 4 დღიან ცეცხლის შეწყვეტის და ტყვეების გაცვლის შეთანხმებას მთავრობის სხდომაზე ხმა არ მისცეს.
ვინ არის ბენ გვირი?
იტამარ ბენ გვირი ულტრამემარჯვენე, ექსტრემისტი ისრაელელი პოლიტიკოსია. ის ისრაელის ჯარში მისი რადიკალური ხედვების გამო არ გაიწვიეს. წარსულში, როდესაც ქნესეთის დეპუტატი იყო, მას საკუთარ სამუშაო ოთახში ტერორისტი ბარუხ გოლდშტეინის პორტრეტი ჰქონდა ჩამოკიდებული, რომელმაც 1994 წლის 25 თებერვალს ჰებრონში, იბრაჰიმის მეჩეთში 29 პალესტინელი მოკლა და 125 დაჭრა.
ბენ გვირი განსაკუთრებით პოპულარული პალესტინური ტერორიზმის რადიკალური კრიტიკით და დასავლეთ სანაპიროზე უკანონო ებრაული ახალშენების ლობირებით გახდა.