ბერბოკი: აუცილებელია რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების ნულამდე შემცირება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია გეგმავს მთლიანად თქვას უარი თქვას რუსეთის ენერგორესურსებზე. ამის შესახებ მან კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ ნათლად გავიგეთ, რომ ეკონომიკური დამოკიდებულება არ შეიძლება იყოს უსაფრთხო, თუ აგრესორი გულგრილია თავისი ხალხის ბედის მიმართ. აუცილებელია რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების სამუდამოდ ნულამდე დაყვანა. ჩვენ ვერ შევცვლით ევროპის გეოგრაფიას, მაგრამ 24 თებერვლის შემდეგ რუსეთთან ურთიერთგაგება შეუძლებელია, სანქციებიდან უკან დახევა არ შეიძლება", - განაცხადა ბერბოკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია "უდავოდ დადგება უკრაინის და თავისუფალი კიევის მხარეს".

ევროკავშირის ქვეყნებს შორის ნავთობის ემბარგოს შემოღების მთავარ მოწინააღმდეგედ გერმანია ითვლებოდა. თუმცა, 28 აპრილს გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ეს ნაბიჯი გადადგას.

ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრმა ლეონორ გევესლერმა 2 მაისს ასევე მზადყოფნა გამოხატა მხარი დაუჭიროს ემბარგოს, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მის შემოღებას. რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტის შეზღუდვის კატეგორიული წინააღმდეგი ამ დრომდე მხოლოდ უნგრეთია.

მსგავსი სიახლეები