ბერბოკი: გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას 12 ჰაუბიცას გადასცემენ
გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა 10 მაისს კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ამ იარაღის მიწოდება დაეხმარება უკრაინას იმის უზრუნველყოფაში, რომ ასეთი დანაშაულები, როგორიც დღეს ვნახე [კიევის რეგიონში], არ განმეორდეს, რათა ქალები არ დაიღუპონ სამი თვის შვილებთან ერთად", - თქვა მან.
"ჩვენ ასევე მტკიცედ დავუჭერთ მხარს თქვენს ქვეყანას სამხედრო თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რაც უკვე გადმოგეცით, რამდენიმე დღეში დავიწყებთ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებას, მოვამზადებთ მათ მობილური ჰაუბიცების გამოყენებაში. ჩვენ ვმუშაობთ გერმანულ საწარმოებთან, რათა უკრაინამ მიიღოს ყველაზე თანამედროვე შეიარაღება და შეძლოს დაიცვას თავისი ქალაქები მომავალი თავდასხმებისგან", - თქვა ბერბოკმა.
საუბარია ჰაუბიცება Panzerhaubitzen 2000-ზე, რომელსაც უკრაინას გერმანია და ნიდერლანდები გადასცემს.
"ჩვენ ყველაფერს ისე დავაორგანიზებთ, რომ ნიდერლანდებმა და გერმანიამ შეძლონ 12 ჰაუბიცის გადმოცემა. უკრაინას შეიარაღებას მათ მივაწოდებთ ზუსტად მაშინ, როდესაც ჯარისკაცები გაიწრთვნებიან და მათ გამოყენებას შეძლებენ", - დასძინა ბურბოკმა.
კულებამ მადლობა გადაუხადა გერმანიას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე პოზიციის შეცვლისთვის.
"ჩვენ ვნახეთ, რომ 24 თებერვალს პირველმა რუსულმა რაკეტამ, რომელმაც კიევს დაარტყა, ასევე დაარტყა გერმანიის ტრადიციულ პოლიტიკას რუსეთის მიმართ და ეს პოლიტიკა შეიცვალა", - განაცხადა მინისტრმა.