ბერბოკი: საქართველოს მთავრობა ზურგს აქცევს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დარღვევების გამოძიებისა და ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს.

ანალენა ბერბოკის უწყებამ განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას გაავრცელა.

"რამდენიმე თვეა, ვაკვირდებით, როგორ აქცევს საქართველოს მთავრობა ზურგს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს" - ვკითხულობთ განცხადებაში.

"საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ადგილი ჰქონდა დარღვევებს. გამოვდივართ საჩივრების და ბრალდებების სრულ და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებაზე" - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ განვითარებული მოვლენების ფონზე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის დახმარება საქართველოსადმი:

"ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობა უნდა გადაიხედოს, ევროკავშირში შესვლის პროცესის კონტექსტში ევროკავშირის მხარდამჭერი ნაბიჯების ჩათვლით", - ვკითხულობთ ტექსტში.

მსგავსი სიახლეები