ბიბი ლიბანელებს ჰეზბოლას მოშორებას ურჩევს, სხვა შემთხვევაში კი ღაზაზე მიანიშნებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ლიბანელ ერს მოუწოდებს მოიშორონ ჰეზბოლა წინააღმდეგ შემთხვევაში კი ღაზაში განვითარებული მოვლენების ლიბანის ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხეზე საუბრობს.
ამის შესახებ ბიბი ნეთანიაჰუმ ლიბანელი ხალხისადმი საგანგებო ვიდეო მიმართვაში განაცხადა - მიმართვამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ისრაელი ზრდის ლიბანის სამხრეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მასშტაბს და რეგიონში დამატებით 1 სამხედრო დივიზიას გზავნის.
"თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაათავისუფლოთ ლიბანი ჰეზბოლასგან, სანამ თქვენი სამშობლო ხანგრძლივი ომის უფსკრულში გადაიჩეხება და ისეთი ნგრევისა და ტანჯვის წინაპირობა გახდება, რასაც ღაზაში ვადევნებთ თვალს"- განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამავე მიმართვაში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის არმიამ მოკლა ჰასან ნასრალა, მისი მემკვიდრე და ნარსალას მემკვიდრის მემკვიდრეც. ისრაელის არმია ჯერჯერობით ვერ ადასტურებს ჰაშიმ საფიედინის სიკვდილს, თუმცა ბეირუთში სამხრეთში ორგანიზაციის შტაბ-ბინაზე განხორცილებული საავიაციო დარტმის დროს საფიედინი შენობაში იმყოფებოდა. Reuters-ის წყაროების ცნობით, საფიედინთან დარტყმის შემდეგ კონტაქტი დაკარგულია.
კონტექსტი
ისრაელმა სამხრეთ ლიბანში რიგით მეოთხე "სახმელეთო ოპერაცია" 30 სექტემბერს დაიწყო. სახმელეთო ოპერაციას წინ უძღოდა ისრაელის არმიის სპეციალური დანაყოფების გახშირებული რეიდები ლიბანის ტერიტორიაზე.
ისრაელის მთავრობის ოფიციალური მიზანი საზღვრისპირა ზოლიდან ჰეზბოლას განდევნა და ჩრდილოეთ ისრაელიდან ევაკუირებული 60 ათასამდე მოქალაქის სახლში დაბრუნებაა.
ლიბანში ისრაელის არმიის გახშირებული საჰაერო დარტყმებსა და სახმელეთო ოპერაციას 1400 მეტი ადამიანი ემხსვერპლა (რიცხვი არ ანსხვავებს ე.წ. კომბატანტებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს). დროებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა კი 1.2 მილიონს აღემატება.
ლიდერების ლიკვიდაციისა და სარაკეტო მარაგების მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურების მიუხედავად, ჰეზბოლას ერთ-ერთმა ლიდერმა, ნაიმ ქასემმა ისრაელთან დაპირისპირების გაგრძელების მზაობა გამოთქვა.
"ჩვენ მათ მტკივნეულ დარტყმებს ვაყენებთ და ამას გავაგრძელებთ. ისრაელის ათობით ქალაქი წინააღმდეგობის (რედ. ჰეზბოლა) რაკეტების წვდომის არეალშია, გარწმუნებთ ჩვენი შესაძლებლობები კვლავ შთამბეჭდავია."