ბლინკენი: აშშ ღრმად შეშფოთებულია პარლამენტის მიერ უზენაესი მოსამართლეების დამტკიცების გამო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებას გმობს, რაც, მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
"აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას. ამბიციური სასამართლო რეფორმები კრიტიკულია საქართველოს წარმატებისთვის". - წერს ბლინკენი.
საერთაშორისო პარტნიორებისა და საელჩოების პროტესტის მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ არ შეაჩერა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და 13 ივლისს უზენაესს სასამართლოში უვადოდ 6 მოსამართლე დანიშნა.
"19 აპრილის დოკუმენტში" სახელმწიფო მდივანი გულისხმობს ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებას, რომელსაც ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მოაწერა ხელი. დოკუმენტში წერია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.