ბლინკენი: კორუფციის გამო აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხშაბათს ოთხ ქართველ მოსასამართლეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა "მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობის გამო." ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ბლინკენის განცხადებით, სანქცია ოთხ მოსამართლეს უწესდება: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევანი მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცავაძე.
"ამ პირებმა ბოროტად გამოიყენეს სასამართლოს თავმჯდომარისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობა", - თქვა ბლინკენმა და აღნიშა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს ქართველების გვერდით დგომას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, "ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. Ჩვენ ყველა იმ მოსმართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად."
ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა მოსამართლეების უშუალო ოჯახის წევრებსაც აეკრძალათ.