ბოიჩენკო: მარიუპოლში დაავადებებითა და გაუსაძლისი პირობებით შეიძლება 10 000 ადამიანი დაიღუპოს

დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში, 2022 წლის ბოლომდე, დაავადებებითა და გაუსაძლისი პირობებით შეიძლება 10 000-მდე ადამიანი დაიღუპოს. ამის შესახებ ქალაქის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ 11 მაისს განაცხადა.

ბოიჩენკოს თქმით, ქალაქში ახლა დაახლოებით 150-170 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

"დამპყრობლებმა მარიუპოლი შუა საუკუნეების გეტოდ აქციეს. ასე რომ, სიკვდილიანობაც შესაბამისი იქნება. მედიკამენტებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გარეშე, ქალაქში ეპიდემიები დაიწყება. ახლა მოსახლეობის უმეტესობა მოხუცები და ავადმყოფები არიან. სათანადო პირობების გარეშე, მოწყვლად კატეგორიებს შორის სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება", - განაცხადა მან.

ბოიჩენკომ აღნიშნა, რომ მარიუპოლის ზოგიერთი მაცხოვრებელი, რომლებიც მიმდებარე სოფლებში გადავიდნენ, ქალაქში დაბრუნდნენ, რადგან მკაცრი ფილტრაციის სისტემის გამო მათ უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უშვებენ.

"მაგრამ რუსები აგრძელებენ გენოციდს, რომელიც მათ 24 თებერვალს დაიწყეს. ჩვენს ხალხს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება. ამიტომ საჭიროა ქალაქის სრული ევაკუაცია", - განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები