ბრიტანელი ლეიბორისტების ლიდერმა ჩრდილოვანი კაბინეტი გადაახალისა
ბრიტანეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, ლეიბორისტების ლიდერმა კირ სტარმერმა „ჩრდილოვანი“ კაბინეტის შემადგენლობა გადაახალისა.
ივეტ კუპერი, რომელიც ტონი ბლერის მთავრობაში მინისტრის პოსტს იკავებდა, შინაგან საქმეთა „ჩრდილოვან“ პორტფელს მიიღებს, ხოლო საგარეო პოლიტიკას დევიდ ლამი ჩაიბარებს.
ლეიბორისტების ყოფილი ლიდერი ედ მილიბანდი კირ სტარმერის გუნდს კლიმატის ცვლილების განხრით შეუერთდება.
"გადახალისებული, უფრო მცირე ზომის გუნდი ქვეყნის პრიორიტეტებზე მეტად იქნება ფოკუსირებული და კონსერვატიულ პარტიას ოპონირებას უკეთ გაუწევს", - აცხადებს სტარმერი.
ბრიტანელი პოლიტიკოსი ამომრჩევლებს „ბრექსითის“, გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას ჰპირდება.
ნოემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ლეიბორისტებს მხარს ბრიტანელების 38 % უჭერს, მმართველ პარტიას კი 36 %.