ბრიტანეთის განათლების მინისტრი: მობილური ტელეფონები სკოლებში უნდა აიკრძალოს
მობილური ტელეფონები სკოლებში უნდა აიკრძალოს, რადგან კარანტინმა იმოქმედა ბავშვების “დისციპლინასა და წესრიგზე,” განაცხადა ბრიტანეთის განათლების მინისტრმა.
გავინ ვილიამსონმა ტელეგრაფს უთხრა, რომ ბავშვებმა ტელეფონები “არ უნდა გამოიყენონ სკოლის დღეებში.” თუმცა, მან აღნიშნა ისიც, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სკოლებმა თავად უნდა მიიღონ.
ასევე, ვილიამსონის თქმით, ტელეფონები შესაძლოა კიბერ ბულინგის ”საძირკველი” გახდნენ და სოციალურმა მედიამ შეიძლება ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა დააზიანოს:
”ტექნოლოგიებმა ფასდაუდებელი როლი ითამაშეს კარანტინისას სწავლის გაგრძელებაში და ჩვენ მხარს ვუჭერთ მის გამოყენებას, მაგრამ საკლასო ოთახის გარეთაც, მობილური ტელეფონების გამოყენება ხელს უშლის ვარჯიშსა და სპორტულ აქტივობებს.”
ბრიტანეთში სკოლების უმრავლესობას უკვე შეზღუდული აქვთ მობილური ტელეფონების გამოყენება გაკვეთილებისას. ამის შესახებ კვლევა Teacher Tapp-მა ჩაატარა, რომელიც ყოველდღიურად 8,500 მასწავლებელს უგზავნის კითხვარებს.
ამავე კვლევის მიხედვით, საშუალო სკოლების ნახევარი და დაწყებითი სკოლების უმრავლესობა ტელეფონების გამოყენების უფლებას ბავშვებს შესვენებისას და ლანჩისასაც არ აძლევენ.