ბრიტანეთი არასრულწლოვნების აცრას იწყებს

ბრიტანეთის მთავრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არასრულწლოვნების აცრას და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს ზამთარში ვირუსის ახალი ტალღის პრევენციას შეუწყობს ხელს.

სამშაბათს, პარლამენტში ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე და ზამთარში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ხელისუფლება საზოგადოებისთვის ვაქცინის ბუსტერების (მესამე დოზა) შეთავაზებას აპირებს.

ჯავიდმა თქვა, რომ ბავშვები სკოლებში უკვე დაბრუნდნენ, სხვა ადამიანები სამსახურებში ბრუნდებიან, ყველა შეზღუდვა მოხსნილია, ამიტომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია. ამის პასუხად კი, ისინი ვაქცინის მესამე დოზას მიიჩნევენ.

ჯავიდის თქმით, თუკი ეს გეგმა არ იმუშავებს, ისინი შეზღუდვების დაწესებას დაიწყებენ.

სამთავრობო გეგმის ბოლო ეტაპი კი მსოფლიოში ვაქცინაციის წახალისებაა, რისთვისაც გაერთიანებული სამეფო სხვა ქვეყნებს ვაქცინის 100 მილიონ დოზას აჩუქებს.

 

 

მსგავსი სიახლეები