ბრიტანეთი უკრაინულ სპეცრაზმს ყირიმის დეოკუპაციისთვის ამზადებს - Daily Express
ბრიტანელი სამხედროები უკრაინის შეიარაღებული ძალების ელიტარულ სპეცდანიშნულების ბრიგადას ამზადებენ, რომელიც 2 ათასზე მეტი ადამიანისგან შედგება. ამის შესახებ 30 ივლისს Daily Express წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, 25 დეკემბერს, შობის წინ, ყირიმის ნახევარკუნძულის განთავისუფლებისთვის შეტევას ეს შენაერთი დაიწყებს.
Daily Express წერს, რომ უკრაინის ოპერაცია მოიცავს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო დარტყმებს, ხოლო სპეცრაზმი გამოიყენებს ტექნიკას რუსი დამპყრობლების ჯარების პარალიზებისთვის. ყირიმის დეოკუპაციის დროს გამოიყენებენ შორ დისტანციაზე მოქმედ რაკეტებს.
ერთ-ერთმა ბრიტანელმა სამხედრო წყარომ აღნიშნა, რომ ყირიმის განთავისუფლების ოპერაცია იქნება "მრავლობითი დარტყმა რუსეთის ძალებზე."
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 27 ივლისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა გააგრძელებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და მის რუსეთთან დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დარტყმებს.
მეორე დღეს, 28 ივლისს, უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ყირიმში მალე შევა.
29 ივლისს უკრაინელმა სამხედროებმა ყირიმთან ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე ჩონგარის ხიდი დაბომბეს.