ბრიტანეთმა რუს ოლიგარქებს ნება დართო, მძღოლებზე და დიასახლისებზე ფული დახარჯონ - NYT
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ სანქცირებულ რუს ოლიგარქებს უფლება მისცა ფული დახარჯონ კერძო შეფ-მზარეულებზე, მძღოლებზე და დიასახლისებზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსების საბანკო ანგარიშები გაყინულია.
ამ ინფორმაციას New York Times ავრცელებს.
გამოცემის მიერ მოპოვებული ოფიციალური მონაცემებით, გაერთიანებული სამეფოს ხაზინამ გასულ წელს სულ მცირე 82 ასეთი ლიცენზია გასცა, სანქცირებული რუსების მხრიდან კიდევ ბევრი განაცხადია შესული. ლიცენზირება მიზნად ისახავს გადასახადის გადამხდელთა ფულის დაზოგვას, ვინაიდან მას შემდეგ რაც ხელისუფლება აქტივს ჩამოართმევს, ისინი პასუხისმგებელნი არიან მის მოვლაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონმა რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანს მიანიჭა ლიცენზია, რომ ხელფასები გადაეხადა 19 თანამშრომელისთვის, მათ შორის მძღოლები, კერძო მზარეულები, დიასახლისები და მუშები.
დოკუმენტების მიხედვით, გადასახდელების ოდენობამ დაახლოებით 10 თვის განმავლობაში 300 ათასი ფუნტი შეადგინა, ფრიდმანმა ასევე მიიღო ყოველთვიური თანხა, დაახლოებით შვიდი ათასი ფუნტი ოჯახის ძირითადი საჭიროებების დასაფარად.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მის ყოფილ ბიზნესპარტნიორ პიოტრ ავენის თანამშრომლებს ყოველთვიური 60 ათასი ფუნტის მიღების საშუალება მიეცათ.
დოკუმენტების მიხედვით, თანხების უმეტესი ნაწილი უსაფრთხოების კომპანიაში ჩაირიცხა, რომელსაც ავენის ფინანსური მენეჯერი ფლობს. ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, რადგან შესაძლოა ამ გზით ის სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობს.
ლონდონი ფრიდმანსა და ავენს "კრემლის მხარდამჭერ ოლიგარქებს" უწოდებს, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ამას ორივე უარყოფს და სასამართლოში აპროტესტებენ.
მანამდე დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო შექმნილი სანქციების სიიდან ამოიღო რუსი ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი, რომელმაც ომი დაგმო.