ბულგარეთის არჩევნებში ანტი-კორუფციულმა პარტიამ გაიმარჯვა

 

კვირას გამართულ ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში, ცენტრისტულმა პარტიამ, „ვაგრძელებთ ცვლილებას“ (PP) გაიმარჯვა, რომელიც ბულგარელებს ანტი-კორუფციული რეფორმების გატარებას ჰპირდება.

„ცვლილების“ პარტიამ კენჭისყრაში ხმათა მეოთხედი მოაგროვა, რითაც მმართველ მემარჯვენე-კონსერვატიულ პარტია GERB-ს მთავრობის ფორმირების პრივილეგიას ჩამოართმევს.

PP-ს საარჩევნო წარმატება მოულოდნელი აღმოჩნდა ანალიტიკოსებისთვის.

პარტია ჰარვარდის ორმა კურსდამთავრებულმა, კირილ პეტკოვმა და არსენ ვასილევმა რამდენიმე კვირის წინ დააფუძნა.

პეტკოვმა და ვასილევმა ევროკავშირის ყველაზე ღარიბ წევრ ქვეყანაში რეიტინგის მოპოვება მალევე შეძლეს - PP-ს მთავარი დაპირება ბულგარეთში კორუფციასთან ბრძოლა და სისტემური რეფორმების გატარება იყო.

„ჩვენ ახლა ნომერ პირველი პოლიტიკური ძალა ვართ, 240 ადგილიან პარლამენტში 121 მანდატით. ბულგარეთს კოალიციური მთავრობა ეყოლება“, - განაცხადა პეტკოვმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ.

კორუფცია და ბიუროკრატიული გაუმჭვირვალობა ბულგარეთში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

2020 წლის ზაფხულში პრემიერ ბოიკო ბორისოვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.

მას შემდეგ არჩევნები ორჯერ - აპრილსა და ივნისში - ჩატარდა, თუმცა მთავრობის ფორმირება ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები