ჩეხეთში უკრაინელი სამხედროების წვრთნები დაიწყო
ჩეხეთში, ჩეხეთის არმიის ხელმძღვანელობით, უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნები დაიწყო. ამ ინფორმაციას iDNES.cz 4 დეკემბერს ავრცელებს.
ინფორმაცია ჩეხეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა კარელ ჟეჰკამ დაადასტურა.
"უკრაინელი ჯარისკაცები უკვე იმყოფებიან ჩეხეთის რესპუბლიკაში, ლიბავას სამხედრო ზონაში დაგეგმილი წვრთნებისთვის." - თქვა მან.
ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაციების დირექტორმა დავიდ იარეშმაც განაცხადა.
"უკრაინელი სამხედროები ჩეხეთის რესპუბლიკაში ერთობლივი წვრთნებისთვის იმყოფებიან, რომელიც მთავრობამ 9 ნოემბერს დაამტკიცა". - აღნიშნა იარეშმა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დეტალებზე, ანუ ჯარისკაცების ჩამოსვლის ზუსტ რაოდენობასა თუ თარიღზე, უსაფრთხოების მიზნით კომენტარს ვერ აკეთებენ.
მოსალოდნელია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში წვრთნას 4000-მდე უკრაინელი მებრძოლი გაივლის. მომავალი წლის ბოლომდე ხუთი ოთხკვირიანი კურსი უნდა ჩატარდეს, რომელთაგან თითოეულში 800-მდე უკრაინელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.