ჩინეთი ამ კვირაში რუსეთ-ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებს უმასპინძლებს

პარასკევს, პეკინში ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის და ირანის დელეგაციებს შეხვდებიან ირანის "ბირთვულ საკითხთან" დაკავშირებით.  

ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ გაღრმავდა, იანვარში კი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ორივე სახელმწიფოს კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა ოთხშაბათს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მა ჭაოსუ უხელმძღვანელებს.

იმავე დღეს, ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა ჩატარდება ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე.

გასულ კვირას რუსეთმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ირანის ბირთვული პროგრამის საერთაშორისო ძალისხმევაზე ქვეყნის ელჩთან, კაზემ ჯალალისთან ისაუბრა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი დათანხმდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ირანთან კომუნიკაციაში დაეხმაროს.

თეირანი დიდი ხანია უარყოფს ბირთვული იარაღის შექმნის სურვილს. თუმცა, გაეროს ატომური კონტროლის ორგანიზაცია IAEA-მ განაცხადა, რომ ის "დრამატულად" აჩქარებს ურანის 60%-იან სისუფთავემდე გამდიდრებას და უახლოვდება იარაღის შესაქმნელად საჭირო 90%-იან ზღვარს.  

ირანმა 2015 წელს ბრიტანეთთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან მიაღწია შეთანხმებას, ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმაზე, რომლითაც გაუქმდა თეირანისთვის დაწესებული სანქციები მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. მაგრამ ვაშინგტონმა ეს შეთანხმება 2018 წელს დატოვა ტრამპის პირველი ვადის დროს და ირანმა შეთანხმებით გაწერილი ვალდებულებების დარღვევა დაიწყო.

ჩინეთმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ირანს მისი ლეგიტიმური უფლებების დაცვაში და ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების ნაადრევად განახლება მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები