დაჭრილები და უცხოელები - 7 ოქტომბრის შემდეგ რაფას პუნქტი პირველად გაიხსნა

ეგვიპტემ ღაზასთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტი გახსნა, თუმცა ეგვიპტეში გადასვლა მხოლოდ უცხოეთის მოქალაქეებსა და დაჭრილ პალესტინელებს შეუძლიათ. 

ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ ეგვიპტის მიერ საზღვრის გახსნის პირველი შემთხვევაა - ეგვიპტე ამ დრომდე უარს ამბობს ღაზადან დევნილების მიღებაზე. 

გაეროს ცნობით, დღეს ეგვიპტის საზღვარს 80-90 დაჭრილი გადაკვეთს, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება უცხოეთისა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების გატარება, თუმცა ლიმიტირებულად - დღეში მაქსიმუმ 500 მოქალაქე. 

სავარაუდოა, რომ ეგვიპტის მხარეს გადასულ დაჭრილებს რაფას გამშვები პუნქტის მახლობლად ორგანიზებულ საველე ჰოსპიტალში განათავსებენ. 

კონტექსტი 

ამერიკის შეერთებული შტატები უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობენ ღაზას სექტორიდან უცხოეთის მოქალაქეების ევაკუაცია დაარგანიზონ. არსებული მონაცემებით ღაზაში ამ დროისთვის შესაძლოა რამდენიმე ასეული ამერიკის მოქალაქე იმყოფებოდეს. 

ბოლო კვირის განმავლობაში ისრაელმა საგრძნობლად შეამსუბუქა ღაზასთვის დაწესებული ბლოკადა - გასულ კვირას გაიხსნა ღაზის წყალმომარაგების პირველი არხი, მიმდინარე კვირას კი მეორე. ამ დროისთვის ღაზას ყოველდღიურად 28 მილიონი ტონა წყალი მიეწოდება, რაც ომამდელი მაჩვენებელის ნახევარია. 

გასულ დღეებში ასევე გაიზარდა ეგვიპტიდან ღაზაში გატარებული ჰუმანიტარული ტვირთების მოცულობაც. ამ დროისთვის ღაზაში ყოველდღიურად დაახლოებით 30 სატვირთო შედის. გაეროს მონაცემებით, სექტორის 2 მილიონზე მეტ მაცხოვრებელის უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად 100 სატვირთო ჰუმანიტარული  ტვირთია საჭირო. 

მსგავსი სიახლეები